MDF: მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო კამპანიაში ცხრა პრო-სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდია ჩართული
თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართულია ცხრა პრო-სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდი. ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის (MDF) მონიტორინგშია საუბარი.
მონიტორინგის თანახმად, ხაზარაძის საწინააღმდეგო პოსტების გავრცელებისათვის ტროლები ფეისბუკ გვერდებს ქმნიან, შემდეგ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში აზიარებენ, რომელთაგან ერთ-ერთში 230 000 ადამიანია გაწევრიანებული. მედიის განვითარების ფონდის მიხედვით, ეს გვერდებია:
ორი გვარმი უნდათ;
იყავი და გაგეკეთებინა;
პოლიტიკური სანაგვე;
კაი გვერდი;
ჩვენთვის არავინაა;
პოლიტიკური იუმორი;
მოვკვდები საქართველოსთვის;
სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა;
სტოკჰოლმის სინდრომი - ეს.
MDF-ის მტკიცებით, გვერდების უმრავლესობა 2018 წელს შეიქმნა, ისინი ხშირად იდენტურ პოსტებს ავრცელებენ, ხოლო პოსტების ქვეშ კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებენ.
მონიტორინგის ცნობით, ცხრა გვერდიდან ოთხს ავთანდილ კერესელიძე მართავს - ტროლი, რომელიც სომხეთში, ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ის პროფილზე გამოქვეყნებულ ფოტოებს იყენებს.
“ავთანდილ კერესელიძე პრო-სახელისუფლებო ტროლია და ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს”.
MDF-ის კვლევის მიხედვით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ფეისბუკ კამპანიის პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა 11 წლის წინ თიბისი ბანკში სავარაუდო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის დაწყებული გამოძიების თაობაზე.
მეორე ტალღა 2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას უკავშირდება, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს თანამდებობა დაეტოვება მოთხოვა.
მესამე ტალღა 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.