სალომე ზურაბიშვილი ბაქოს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა.
„პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის.“-აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი შეხვედრის დეტალებს ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
ბაქოში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში შეხვდება ასევე აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.