დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე EMC სასჯელის გადავადებას ითხოვს
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს მოუწოდებს, დაიცვას დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის უფლება და გართულებული სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიყენოს სასჯელის გადავადების კანონით გათვალისწინებული მექანიზმი.
EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზი სრულ გამოჯანმრთელებამდე, უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამ მოთხოვნით, ორგანიზაცია დეკანოზის სახელით, სასამართლოს უახლოეს მომავალში, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მიმართავს.
EMC-ის ადვოკატებმა დეკანოზი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 26 თებერვალს მოინახულეს. მათი შეფასებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, ვერ გადაადგილდება და ვერ ჯდება.
EMC-ის ადვოკატების განცხადებით, დეკანოზმა მათ უთხრა, რომ ამ დრომდე არ აქვს დასმული სრულყოფილი სამედიცინო დიაგნოზი და სამედიცინოპერსონალის მხრიდან ამ მიზნით არც საჭირო პროცედურები ჩატარებია.
EMC მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს:
უზრუნველყოს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის უფლების სათანადო დაცვა: ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და ჰუმანური პირობების შექმნა.
გამოიყენოს სასჯელის გადავადების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური მექანიზმი.