პაკისტანმა ნაწილობრივ დახურა თავისი საჰაერო სივრცე
პაკისტანმა მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის ნაწილობრივ დახურვის შესახებ ქაშმირის პროვინციაში ვითარების გამწვავების ფონზე. ამის შესახებ იუწყებიან პაკისტანისა და ინდოეთის საინფორმაციო საშუალებები.
ქვეყნის საჰაერო სივრცე ჯერ მთლიანად ჩაიკეტა კომერციული ფრენებისათვის, მაგრამ შემდეგ ისლამაბადმა გამოაცხადა სამხრეთში ფრენების განახლების შესახებ.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, გადაწყვეტილება მნიშვნელონად ზღუდავს მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობას. თვითმფრინავებს უხდებათ პაკისტანისათვის გვერდის ავლით გაცილებით უფრო გრძელი მანძილების დაფარვა. ეს ეხება, პირველ რიგში, რეისებს ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართულებით.
ქაშმირში ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა დაბომბა ისლამისტების ბანაკები პაკისტანის ტერიტორიაზე. მანამდე ჯგუფმა „ჯაიშ-ე-მუჰამადმა“ აიღო პასუხისმგებლობა ქაშმირის ინდურ ნაწილში 14 თებერვალს მოწყობილ ტერაქტზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 40 ინდოელი ჯარისკაცი.
მოგვიანებით პაკისტანელმა სამხედროებმა გამოაცხადეს ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. ინდოეთმა აღიარა მხოლოდ ერთი თვითმფრინავის დაკარგვა და, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩამოაგდო პაკისტანის გამანადგურებელი.
ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი უკავშირდება ქაშმირის გარშემო დავას.