ბადრი ჯაფარიძე: ფინანსური ტრანზაქციების შეფასება ეროვნული ბანკის საქმეა და არა პროკურატურის
„პროკურატურამ, ფაქტობრივად, მის მიერ 2019 წლის 8 იანვრის განცხადება გაიმეორა. ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას, - ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე 28 თებერვალს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს.
ჯაფარიძის თქმით, მას პროკურატურისგან ბრალდება არ მოუსმენია, მისი შეფასებით, ჩამოთვალეს მხოლოდ კონკრეტული ფინანსური ტრანზაქციები და „ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა“ შეაფასა წმინდა საბანკო ოპერაციები, რაც ჯაფარიძის თქმით, ეროვნული ბანკის კომპეტენციაა და არა პროკურატურის.
ბადრი ჯაფარიძემ 2008 წლის ომის გამო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა, რადგან საქმე სწორედ ათიწლისწინანდელ ტრანზაქციებს ეხება:
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ 2008 წელზეა საუბარი. 2008 წელს საერთოდ როგორ გადავრჩით, როგორც ქვეყანა ან როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და გლობალურ ფინანსურ კრიზისს, თითქოს ყველას დაავიწყდა. 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში. მინდა, ყველა მხარეს მოვუწოდო, გაიხსენოს 2008 წელი, გაიხსენოს რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, რა მოხდა მსოფლიოში 2008 წელს. ვფიქრობ, ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ეს იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები გაკოტრდნენ 2008 წელს“, - განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას და რომ ანაკლიის ჯგუფი აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ბანკებთან. მან უარყო განცხადებები იმის თაობაზეც, თითქოს რომელიმე მათგანმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილემ ყველა მხარეს მოუწოდა ობიექტურად გააანალიზონ ვითარება და გაუფრთხილდნენ ქვეყნისა და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას საქართველოში.
28 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საზოგადოებას ამ ეტაპზე გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო.