მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში 4 მარტს ელიან
![მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში 4 მარტს ელიან](https://gdb.rferl.org/F1ED0FC3-8B0F-4730-A0F2-BEDBA34E9819_w800_h450.jpg)
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სავარაუდოდ, 4 მარტს მოუსმენს.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, პარლამენტი ღია სტრუქტურაა და „თიბისი ბანკის“ საქმის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართება:
„ჩვენ ვპასუხობთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინადადებას, რომ მათ აქვთ სურვილი მოვიდნენ პარლამენტში, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და წინადადებები, რაც მათ ჰქონდათ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. დღეს მე ვაცხადებ – ეს შეხვედრა შეიძლება შედგეს ორშაბათს, 12:00 საათზე, გვქონდა გარკვეული კონტაქტები და შევთანხმდით“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
„თიბისი ბანკის“ საკითხზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა საკითხის განხილვის გარეშე დასრულდა.