თამაზ ახობაძემ შიმშილობა შეწყვიტა
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ახობაძეს სამსახურში აღადგენენ და ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერად დანიშნავენ.
„ამ ეტაპზე მე ვწყვეტ შიმშილობას, რადგან მიმაჩნია, რომ ის, რაც ცენტრის განცხადებაში წერია, შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს განჩინების აღსრულებად. თუმცა, აუცილებლად დაველოდები შესაბამისი ბრძანების ტექსტს“, - უთხრა თამაზ ახობაძემ რადიო თავისუფლებას.
ახობაძე ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ფორმულირებით იქნება ეს გადაწყვეტილება ბრძანებაში ჩაწერილი. თუ მასში მითითებული იქნება, რომ მას სამსახურში აღადგნენ როგორც მოვალეობის შემსრულებელს, ეს ნიშნავს, რომ მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შეუძლიათ ახალი კონკურსი გამოაცხადონ და ეს კონკურსი მან რაღაც მიზეზების გამო ვერ გაიაროს.
„ამიტომ მნიშვნელოვანია, რა ეწერება ამ ბრძანებაში“, - გვითხრა თამაზ ახობაძემ, რომელიც უკვე მეორე დღეა იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობს. დღეს კი მან სამინისტროს წინ კარავიც გაშალა.
თამაზ ახობაძე რამდენიმე წელია ანა სუბელიანთან ერთად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მათი განთავისუფლების გადაწყვეტილება არასწორი იყო. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა.