მოშიმშილე თამაზ ახობაძეს სამსახურში აღადგნენ
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, თამაზ ახობაძეს, რომელიც სამსახურში აღდგენის მიზნით უკვე მეორე დღეა შიმშილობს, ცენტრში ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერად დანიშნავენ.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს თანამდებობა საფეხურით და ანაზღაურების მხრივ, ტოლფასი ახობაძის ყოფილი თანამდებობისა, რომელიც დღეს უკავია სხვა პიროვნებას - მ.ბ.-ს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ, თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ.-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან და მისი პოზიციის დაკავებას, დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინებაა ამოსავალი წერტილი და, ამიტომაც, როგორც ეს მოცემული სასამართლო განჩინებით არის დადგენილი, მ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება მის ნაცვლად თამაზ ახობაძის დანიშვნის მიზნით არ იგეგმება“, - ვკითხულობთ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
oუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თამაზ ახობაძე მეორე დღეა იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობს. 28 თებერვალს საღამოს მან სამინისტროს წინ კარავიც გაშალა.
ახობაძე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითხოვდა. იუსტიციის სამინისტრო კი მხოლოდ განაცდურის აღდგენაზე იყო თანახმა. თამაზ ახობაძეს იუსტიციის სამინისტროს წინაშე სამივე სასამართლო ინსტანციის დავა მოგებული აქვს. მისი თქმით, თითქმის მზადაა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენადაც.