"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და USAID-მა ახალი პროექტი დაიწყეს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით ახალი პროექტი დაიწყეს.
კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა ანაკლიაში გახსნეს სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს. ეს ინიციატივა ნაწილია ანაკლიის ეკონომიკური განვითარების ერთობლივი პროექტის, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ანაკლიის პორტის და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
დღეს გახსნილი სასწავლო ცენტრი ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შესათავაზებს მეწარმეობის, ბიზნესადმინისტრირების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინგლისური ენის და კომპიუტერული პროგრამების სასწავლო კურსებს. საგრანტო კონკურსი გამოცხადდა აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით.
„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიას და მეზობელ სოფლებს უნდა დაეხმაროს იმაში, რომ მოემზადონ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებს.