ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე
ხონჭიორის გზაზე
თბილისიდან წამოსულებმა ნიკორწმინდამდე ჩამოვაღწიეთ და ხონჭიორის გზას დავადექით. ხონჭიორი მამაჩემის სოფელია, მთებში ჩაკარგული და ულამაზესი. ცხელა. დავიღალეთ. ბებოს ჩემოდანი მოაქვს, მე ჩანთას მოვათრევ. 8 წლისა ვარ. ერთი სული მაქვს, როდის შევარდები ჩვენ ეზოში და წამოვსკუპდები უზარმაზარი კაკლის ხის ქვეშ. როდის მოცვივდებიან მეზობლები და ატყდება ჟივილ – ხივილი, “ლილიკუნა, ჩამოხვედი, ბოშოო?”
ამ მხიარულ ფიქრებში გართულს ბებოს ხმა ჩამესმის, მოდი აქ დავჯდეთ, დავისვენოთო…მივედი. ჭაღარა თმა სახეზე ჩამოშლია და ცრემლად იღვრება…ატირებული არასდროს მინახავს და ხმა ვერ ამოვიღე, რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი და თვალი ავარიდე… შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ბებო, სათხოვარი მაქვს ერთი და უნდა ამისრულოო … არ იტირო – მეთქი, ვთხოვე, კარგიო, დამეთანხმა. მე ბებერი ვარ, ცას ხომ ვერ გამოვეკერები, ბებიკო, ჰოდა, მამაშენი რომ დაბრუნდება, მოდი ჩემ საფლავზე და ხმამაღლა ჩამომძახე – ბებო, მამა ჩამოვიდა, გესმის? მამა ჩამოვიდა! – მე გავიგონებ, აუცილებლად გავიგონებ და გამიხარდება…ყელში რაღაც გამეჩხირა ბურთივით. ფეხზე წამოვარდი, ჩანთას ხელი დავტაცე და გავიქეცი… ერთი კი გავხედე ბებოს, ისევ იქ იჯდა თავჩაქინდრული და მიწას ჩასცქეროდა…
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ძალიან დიდი, კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც, ბედნიერიც ვყოფილვარ და უბედურიც, მაგრამ იმ დღის გახსენებაზე თავბედს ვიწყევლი, რატომ უკან არ მივბრუნდი და ბებოს არ ჩავეხუტე.