ირაკლი აბუსერიძე: „იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?!“
![ირაკლი აბუსერიძე: „იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?!“](https://gdb.rferl.org/8F6B89F0-89CB-4C58-A715-5EA08546824D_w800_h450.jpg)
ვეტერანმა მორაგბემ ირაკლი აბუსერიძემ სოციალური ქსელიდან მიმართა საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს - იოსებ ტყემალაძეს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 10 მარტს გამართული სკანდალური საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთან შეგუებას არ აპირებს და ტყემალაძეს ჰპირდება, რომ რაგბის მმართველის სავარძელს მაინც ჩამოაშორებს.
„იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები ისტორიას! 10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის! მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ! ბრძოლა ახლა იწყება!“ - დაწერა აბუსერიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.
10 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობის მიმდინარეობისას, ვეტერან მორაგბეთა დიდი ნაწილი დარბაზის გარეთ აპროტესტებდა იოსებ ტყემალაძის ასარჩევად დანიშნულ საერთო კრებას. მათი განცხადებების თანახმად, კავშირს ჰყავს პრეზიდენტი - ირაკლი აბუსერიძე, რომელსაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება უსამართლოდ გაუუქმა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სამსახურმა.