ნიკოლ ფაშინიანი არმენ სარქისიანთან შიდაპოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა, სადაც არმენ სარქისიანთან შიდაპოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე უნდა იმსჯელოს. პრემიერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასობით ოპოზიციონერი დახვდა და მისი თანამდებობიდან გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ფაშინიანის კორტეჟის უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მათ სპეციალური კორიდორი მოაწყეს. მანამდე, სარქისიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები და სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრაზე მიიწვია. თუმცა მალევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ერთ მაგიდასთან ამ ფორმატში შეხვედრის ჩატარება განუხორციელებელი აღმოჩნდა.
დღესვე, პრეზიდენტი მმართველი და ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება.