„როსკომნადზორი“ დაიმუქრა, რომ ერთ თვეში დაბლოკავს რუსეთში Twitter-ის მუშაობას
![„როსკომნადზორი“ დაიმუქრა, რომ ერთ თვეში დაბლოკავს რუსეთში Twitter-ის მუშაობას](https://gdb.rferl.org/ae29213d-9f8e-47ec-b599-bc25d585212c_w800_h450.jpg)
„როსკომნადზორი“ დაიმუქრა, რომ ერთ თვეში დაბლოკავს რუსეთში Twitter-ის მუშაობას, თუკი პლატფორმა უარს იტყვის აკრძალული ინფორმაციის წაშლაზე.
ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილეზე, ვადიმ სუბოტინზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, ჯერჯერობით უწყებას „არ დაუფიქსირებია Twitter-ის კონკრეტული ნაბიჯები აკრძალული კონტენტის მოშორების თაობაზე“. „თუკი საქმე ასე გაგრძელდება, ერთი თვის შემდეგ ის დაიბლოკება“, განაცხადა სუბოტინმა.
გასულ კვირაში, 10 მარტს, „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ Twitter-ის მუშაობის შენელებას იწყებს ყველა მობილურ მოწყობილობასა და სტაციონარული მოწყობილობების ნახევარზე, ვინაიდან, ხელისუფლების ვერსიით, სოცქსელი 2017 წლის შემდეგ არ შლის აკრძალულ კონტენტს. თავად Twitter-ში განაცხადეს, რომ „ღრმად შეშფოთებული არიან ინტერნეტში საჯარო ურთიერთობების დაბლოკვისა და შეზღუდვის გახშირებული მცდელობების გამო“, იტყობინება RBC.