საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება
საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზურაბიშვილი ვაქცინის გაკეთებისკენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს მოუწოდებს.
საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მის გარდა, აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.