გამყრელიძემ მოიწონა ვაქცინაციის კამპანიაში ცნობილი ადამიანების ჩართვის ინიციატივა
ბიოლოგ ლევან ბუთხუზის ინიციატივას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე „მთავარი არხის" ეთერში. მან მოიწონა ბუთხუზის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიაში ცნობილი ადამიანების მონაწილეობას.
„დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის, ბატონი ლევან ბუთხუზის წერილი დღეს შემოვიდა ჩემთან, 80-მდე ადამიანი აწერს ხელს. ბატონ ლევანს დიდ პატივს ვცემ... ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამაზე გუშინ იყო მსჯელობა სამინისტროს ვაქცინაციის საბჭოზეც და იყო შეთანხმება, რომ ამ ინიციატივას შემხვედრი ნაბიჯები უნდა. შესაბამისი დოზები ვაქცინებისა, რაც ძალიან ლიმიტირებულია, უნდა გამოიყოს ამ მიზნით. კარგი იქნება, თუ გამოიყოფა ამ ჯგუფიდან 2-3 ადამიანი, რომ კონკრეტულ გეგმაზე შევჯერდეთ... მზად ვართ, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდეთ და გავაკეთოთ ეს განცხადება", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, თუმცა აქტივობა დაბალია. ამ ეტაპზე ვაქცინის გაკეთება მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, 4414 პირია აცრილი.