თუ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო, სისტემა უნდა გათავისუფლდეს ჩინჩალაძის კლანისგან
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელზეც პარლამენტი იწყებს მუშაობას, ფასადურია.
მისი განცხადებით, სასამართლო რეფორმას მხოლოდ მას შემდეგ ექნება აზრი, რაც სისტემა, მისი თქმით, ე.წ. ჩინჩალაძის კლანისგან გათავისუფლდება.
“ეს პროექტი არის ფასადური. თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო, ჩინჩალაძის კლანი უნდა წავიდეს სასამართლოდან. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს შანსი, რა პროცედურებიც არ უნდა დაწეროს პარლამენტმა, რომ რამე შეიცვლება ამ სისტემაში.
ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს სასამართლოს რეალური და ფუნდამენტური რეფორმა. რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სასამართლოს სისტემა უნდა გათავისუფლდეს ჩინჩალაძის კლანისგან,”-აცხადებს ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ცვლილებები კანონდებლობაში 4 მიმართულებით განხორციელდება. მიზანი სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესების გაუმჯობესებაა. უმრავლესობის განმარტებით, ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და 29 მარტს, ბიუროს სხდომაზე გავა.