ზურაბიშვილი საგარეო უწყებას: პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას აკრიტიკებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან უარყოფითად შეაფასა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად დასახელებულია ორბელიანების სასახლეზე უკრაინის სახელმწიფო დროშის გადმოფენა.
„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!" - წერს "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ზურაბიშვილი.
„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას“ - ამ სათაურით საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ გადადგა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ცნობაში - „ჰუმანიტარული დახმარება და სოლიდარობა" - უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ნახავთ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სახელმწიფო დროშის გადმოფენას ფაქტის აღნიშვნას.