ირანის რევოლუციის გუშაგების კორპუსი აცხადებს, რომ ის იდგა ირბილზე თავდასხმის უკან
13 მარტს, გამთენიისას, ირბილს თორმეტამდე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, თავდასხმის სამიზნე იყო აშშ-ის საკონსულოს ახალი შენობა და მეზობელი საცხოვრებელი კორპუსები. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაიჭრა ერთი სამოქალაქო პირი და დაზიანდა შენობები.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც პასუხისმგებლობას კისრულობს ირბილში ისრაელის "სტრატეგიულ ცენტრებზე" მიტანილ სარაკეტო იერიშზე - იუწყება ირანის მედია. "ისრაელის მხრიდან ნებისმიერ განმეორებით თავდასხმებს გაეცემა მკაცრი, გადამწყვეტი და დამანგრეველი პასუხი", - წერს IRGC.
თავდასხმას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა ისრაელის იერიში დამასკთან, სირიაში, რასაც ირანის რევოლუციის გუშაგთა ორი წევრი ემსხვერპლა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს თავდასხმა დაგმო და შურისძიების დაპირებით გამოვიდა.
