სხვადასხვა ქალაქში ენმ-ის ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს
"პუტინისტურ დაჯგუფებებს მფარველობს პოლიციის მაღალჩინოსნები. ყველას მოგეკითხებათ!" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ამ ფაქტს.
პარტიაში არ სჯერათ, რომ სამართალდამცავები ამ ფაქტებს გამოიძიებენ.
"ეს არის "ქართული ოცნების" და პუტინისტური დაჯგუფების, "ალტ-ინფოს" ერთობლივი ნამუშევარი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამ თვეში უკვე მეორედ განახორციელეს ჩვენ ოფისზე ვანდალური ქმედება... "ქართული ოცნება" ახალისებს კრიმინალს და მოლოდინი იმისა, რომ რაიმეს გამოიძიებენ, ნამდვილად არ მაქვს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბექა ქორჩილავა.
"მეხუთე კოლონა" - ასეთი წარწერა დახვდათ დღეს ლაგოდეხში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისულ პარტიის თანამშრომლებს. ენმ-ის წევრი, ლაგოდეხის საკრებულოს დეპუტატი ევა ლომთაძე ამბობს, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
როგორც ლომთაძე აღნიშნავს, წესით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ოფისთან ახლოს არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე "მეხუთე კოლონის" მიწერა შესაძლოა ხალხის გულწრფელი რეაქცია ყოფილიყო. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო საქმის წარმოება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას გარე ფასადებზე და იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. განმეორებით იგივე ქმედება 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
12 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც დაფიქსირებულია ორი ნიღაბაფარებული პირი, რომლებიც "ქართული ოცნების" გორის ოფისის კედელზე და შესასვლელის კიბეზე ტოვებენ წარწერას - "ალტ-ინფო".
