PayPal 18 მარტიდან რუსეთის მოქალაქეების ელექტრონულ საფულეებს დაბლოკავს
საერთაშორისო გადახდის სისტემა PayPal, რომელმაც რუსეთში მუშაობის შეჩერების შესახებ თვის დასაწყისში გამოაცხადა, 18 მარტს რუსეთის მოქალაქეების ყველა ელექტრონულ საფულეს დაბლოკავს. “ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ჩვენი სერვისები რუსეთში. ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ თანხების გატანის ფუნქციას. სერვისის შესაძლო შეფერხებების შესამცირებლად, გთხოვთ, 2022 წლის 18 მარტამდე ამოიღოთ თქვენი ანგარიშიდან ნაშთი,” – ინფორმაცია ვებსაიტზეა განთავსებული. შეგახსენებთ, რომ 10 მარტს Visa-მ და Mastercard-მა რუსული ბარათების მომსახურება შეწყვიტეს. რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ და, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.
