ხელაშვილის თქმით, უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელმოწერა არის პირადად გრიგოლ ვაშაძის ინიციატივა
როგორც „ქართული ოცნების" დეპუტატი აცხადებს, დოკუმენტი არცერთი ქვეყნის მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს.
„ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი. ზოგი მაღალი თანამდებობის პირი, ზოგი ოპოზიციიდან, ზოგი ხელისუფლებიდან. საქართველოს შემთხვევაში პირადი ინიციატივით, ამას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძემ. შეიძლება ითქვას, საქართველოს შემთხვევაში დოკუმენტი არის პირადად ვაშაძის ინიციატივა. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, უკრაინის მხარდამჭერი, მაგრამ არცერთი ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან ამას საერთო არ აქვს“, - გიორგი ხელაშვილის განცხადებას „იმედი" ავრცელებს.
უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 10-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტების წევრებს მადლობას გადაუხადა. მისი მადლობა ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს, გრიგოლ ვაშაძესაც, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტის ხელმომწერი.
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან აცხადებენ, რომ "ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ, რადგან უკრაინა დგას ჩვენთვის". დეპუტატები განცხადებაში სამ აუცილებელ პუნქტს აყენებენ:
"უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის მხარდაჭერა - საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფა უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ტექნიკის გადაადგილების შესაჩერებლად. ეს შეიძლება გაკეთდეს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის მიწოდებით";
"ჰუმანიტარული დახმარების გაწევა - შესაძლებელი გახდეს საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება უკრაინის ქალაქებში, რომლებიც იბომბება. ასევე, დაჭრილებისა და ლტოლვილების გადარჩენა";
"უკრაინის ბირთვული ობიექტების დაცვა, რადგან საფრთხე ექმნება ყველა მეზობელ ქვეყანას".
"მე გულწრფელად მადლობელი ვარ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს", - წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ფეისბუკზე.
უკვე 26-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.
